ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან: ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობა, საკანონმდებლო ბარიერები, საზოგადოების მხრიდან შესაძლებლობის შეზღუდვის არასწორი აღქმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების არცოდნა.ჩემი ეტლით მოსარგებლე მეგობრებისგან ხშირად მსმენია, რომ ქუჩაში გადაადგილებისას, მოწყალების გასაღებად ხალხი მათ ხურდა ფულს აწვდის. ეს ღირსების შემლახავი დამოკიდებულებაა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ცნობიერების ნაკლებობა იწვევს. მსგავსი ქცევები საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების გამყარებას იწვევს, თითქოს ისინი "მუდამ დახმარებას საჭიროებენ", "მათ დასახმარებლად აუცილებელია ქველმოქმედება" და ა.შ.
სინამდვილეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის ქველმოქმედების ობიექტი. შეზღუდული შესაძლებლობის ქონა ავტომატურად ფინანსური დახმარების საჭიროების არსებობას არ ნიშნავს. პირიქით, საზოგადოებამ და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უნარს, დამოუკიდებლად გამოიმუშავოს ფული. განათლების მიღება და დასაქმება ყველა ადამიანს თანასწორად უნდა შეეძლოს, თუმცა, ეს არ გამორიცხავს გარკვეული შეღავათების დაწესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვინაიდან, თანასწორობა თავის არსში არ გულისხმობს აბსოლუტურად ერთნაირ მოპყრობას.
მიმოსვლის უფლებაც იმ უფლებათა ჩამონათვალში შედის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხშირად ერღვევათ. ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში, გადაულახავი პრობლემაა არასწორი პარკირება, რაც საზოგადოების გაუცნობიერებელი ქმედების და პარკინგის სივრცის გარეშე აშენებული საცხოვრებელი კომპლექსების შედეგია.
როცა ქალაქში უამრავი მანქანაა და არ არის საკმარისი სივრცე მათ გასაჩერებლად, მძღოლებს მანქანების ტროტუარზე გაჩერება უწევთ, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაბრკოლებას ქმნის. ეტლით მოსარგებლეებს ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო, არა მხოლოდ ტროტუარისთვის გვერდის ავლა, არამედ, მარშუტის შეცვლა და რამდენიმე ქუჩის შემოვლაც უწევთ. ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი სიცოცხლისთვის საშიშ ბარიერს უქმნის უსინათლო/მცირემხედველ პირსაც, რომელიც თანმხლები ადამიანის გარეშე გადაადგილდება და გაფრთხილების გარეშე ხვდება დაბრკოლება. ასეთ დროს ის შეიძლება გაჩერებულ მანქანას შეეჯახოს ან ტროტუარის გვერდის ავლის გამო, სხვა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირებაზე შეზღუდვის არმქონე პირების მიერ მანქანების გაჩერებაც. ზოგადი სტანდარტით, პარკირების ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილი მნიშვნელოვან ობიექტთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს - არაუმეტეს, 50 მეტრის დაშორებით, რათა გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირისთვის ამ მანძილის დაფარვა არ იყოს ზედმეტად დამღლელი ან უამინდობის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. თუმცა, უამრავი ადამიანი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა არ აქვს, ავტომობილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირებაზე აჩერებს, რაც, ისევ და ისევ, ცნობიერების პრობლემაა, რადგან ადამიანებმა არ იციან რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მისთვის განკუთვნილ ადგილზე, შენობებთან ახლოს პარკირება და რამხელა ენერგია სჭირდებათ გადასაადგილებლად.
ზემოთ აღნიშნული, საკითხით პირველ რიგში მუნიციპალიტეტი უნდა დაინტერესდეს. საჭიროა მონიტორინგი გაეწიოს ახალ სამშენებლო პროექტებს და აშენდეს სივრცე პარკირებისთვის. პარალელურად, უნდა გაძლიერდეს არასწორად პარკირებული ავტომობილების მონიტორინგი, მოხდეს რეაგირება და მძღოლების სანქცირება. და ბოლოს, იმისთვის რომ პარკირების საკითხი გადაიჭრას საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მართლშეგნება, არ გააკეთოს ის, რაც კანონით აკრძალულია, რადგან სახელმწიფო წესრიგზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია.
არსებული არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ბარიერს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მაგალითად, მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს ტაქტილური ბილიკი, რომელიც ტროტუარზე კონტრასტული ფერითაა გამოყოფილი, რადგან მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანმა მისი ტროტუარის დანარჩენი ნაწილისგან გარჩევა შეძლოს. ტაქტილურ ბილიკზე ჰორიზონტალური ხაზები მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის ნიშნავს მითითებას “შეგიძლია იმოძრაო”, წერტილოვანი ბურთულები ნიშნავს გაფრთხილებას, რომ წინ ბარიერია და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირი ფრთხილად უნდა იყოს.
სამწუხაროდ, ბათუმში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ტაქტილური ბილიკის მოწყობის სტანდარტები არ არის დაცული. ტაქტილური ბილიკების ფერსა და ტროტუარის ფერს შორის ფაქტობრივად განსხვავება არაა, რაც მცირემხედველს მისი აღქმის საშუალებას არ აძლევს. ბევრგან შეხვდებით ტაქტილურ ბილიკს, რომელსაც საკანალიზაციო ჭამდე ან სხვა დაბრკოლებამდე მივყავართ, ან გადავყავართ გზაზე გაფრთხილების გარეშე, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნის.
ტაქტილური ბილიკი გადის საკანალიზაციო ჭაზე, ბათუმი.
ტაქტილური ბილიკი აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ამ ყველაფრის პარალელურად, დასავლეთში აქტიურად მიმდინარეობს ძველი ინფრასტრუქტურის ადაპტირება, ხოლო ახალ მშენებლობებში მაქსიმალურად ცდილობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას. პანდუსის გაკეთების ნაცვლად, ევროპაში საუბარია ნულოვან დონეებზე. ტროტუარები ისე კეთდება, რომ ეტლით მოსარგებლემ პანდუსის გარეშეც შეძლოს მასზე ასვლა და ჩამოსვლა. საქმე გვაქვს უნივერსალურ დიზაინთან, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბრად ისარგებლოს გარემოთი და სერვისებით.
ამ კუთხით, პოზიტიური ძვრები ნელ-ნელა საქართველოშიც მიმდინარეობს. ახლახანს სრულად ადაპტირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა, რაც მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს ყველა საჯარო დაწესებულებისთვის. მალე გაარემონტებენ სოციალური სააგენტოს შენობასაც, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული ცვლილებები ეტაპობრივად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოსა და სერვისების მისაწვდომობის ხარისხზე. ამრიგად, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დაბრკოლება ადამიანებისთვის, არამედ, დაბრკოლებაა არაადაპტირებული/მიუწვდომელი გარემო. თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს რომ შეზღუდული შესაძლებლობა არსებობს და საკუთარი ქმედებით ხელი არ უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სეგრეგაციას. Მხოლოდ ასე შეიძლება თანაბარი, მისაწვდომი, ინკლუზიური გარემოს შექმნა.
ავტორი:ნონა ბერიძე
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.