შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, თუმცა, ისინი ხშირად აწყდებიან მრავალ ბარიერს, რაც ხელს უშლის მათ სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერებით, როგორც საერთაშორისო კონვენციები, ასევე, საქართველოს შიდა კანონმდებლობა ხაზს უსვამს გენდერული ინკლუზიურობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობას. ეს სტატია იკვლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოში, ხაზს უსვამს მათ გამოწვევებს და სთავაზობს მკითხველს სტრატეგიებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქსელებში მათი მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (2014) ხაზს უსვამს ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში (მუხლი 6). გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ურთიერთგადაკვეთის აღიარებით, კონვენცია ხაზს უსვამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების წინაშე მდგარი სპეციფიკური გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობას და უზრუნველყოფს მათ თანაბარ მონაწილეობას საზოგადოების ყველა ასპექტში. ანალოგიურად, საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2020) კიდევ ერთხელ ადასტურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს და კრძალავს დისკრიმინაციას როგორც სქესის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიხედვით. (მუხლი 6)
[quote size="ზომა_აქ"]შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჩართულობა გადამწყვეტია ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების ხელშეწყობისთვის, რომლებიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მრავალფეროვან საჭიროებებსა და გამოცდილებას.[/quote]
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში აქტიური ჩართვით, მთავრობებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური სტრატეგიები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სოციალური ინკლუზიის გასაძლიერებლად.
სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობის კვლევა საქართველოში (2022) ავლენს საგანგაშო ტენდენციებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან მიმართებაში. შშმ ქალები მნიშვნელოვნად უფრო დაუცველები არიან ძალადობისგან ვიდრე, ტიპიური განვითარების ქალები. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების 54.7% გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, როდესაც აღნიშნული პროცენტობა მკვეთრად ნაკლებია ტიპიური განვითარების ქალების შემთხვევაში (45.8%). უფრო მეტიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებში მეტად ვხვდებით ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, ტიპიური განვითარების ქალებთან შედარებით. ეს მოიცავს ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მაღალ მაჩვენებლებს (9.3%), ფიზიკურ და/ან ემოციურ ძალადობას ბავშვობაში (22.5%), პარტნიორის ძალადობის (28.2%) და ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას არაპარტნიორებისგან (7.7% და 2.1%).
ასევე, თვისებრივი კვლევა (ქალთა მიმართ ძალადობის კვლევა საქართველოში, 2022) ხაზს უსვამს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სოციალურ იზოლაციას და სტიგმას, რომელსაც ისინი ხშირად აწყდებიან სახლებში ოჯახის წევრების მხრიდან, რაც იწვევს ღრმა იზოლაციასა და შეზღუდულ სოციალურ ინტერაქციას. ასევე, ხშირია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების დისკრიმინაცია საჯარო სივრცეში, რაც განპირობებულია საზოგადოების აღქმით მათი ტრადიციული გენდერული როლების - ცოლი, დედა - შესრულების უუნარობის შესახებ.
[quote size="ზომა_აქ"]სოფლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების საზოგადოების სრულყოფილ წევრად მიღება კიდევ უფრო პრობლემატური საკითხია, რაც ამძაფრებს მათი იზოლაციის, დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის გამოცდილებას.[/quote]
აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრები ხშირად აკონტროლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ცხოვრებას და არ აღიქვამენ მათ ნამდვილ ქალებად. ისინი ხშირად ხდებიან ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი.
გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად ვერ ახერხებენ თვითმოვლასა და სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისინი ავტომატურად ხდებიან დამოკიდებული ოჯახის წევრებზე. ამის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ხშირად არ აქვთ საშუალება, თავი დააღწიონ ღირსების შემლახველ სიტუაციებს და ეძიონ დახმარება. შემდგომი სტიგმატიზაციისა და ძალადობის შიში კი ხშირად აფერხებს მათ ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებისა და დახმარების თხოვნისგან.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები საქართველოში მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისას, უპირველეს ყოვლისა, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო. სამთავრობო შენობები, საარჩევნო უბნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხშირად რჩება არაადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას დაესწრონ საჯარო ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ აქტივობებში და მიიღონ სამთავრობო სერვისები.
გარდა ამისა, დამხმარე და ჯანდაცვის სერვისების არარსებობა, როგორიცაა პერსონალური ასისტენტები, ჟესტური ენის თარჯიმნები და ამასთანავე სოციალური დამოკიდებულებები და დისკრიმინაციული პრაქტიკა აძლიერებს გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მარგინალიზებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ჩართულობასა და ლიდერული როლების განხორციელებასთან დაკავშირებით.
[quote size="ზომა_აქ"]ამასთან, მიუწვდომელი საინფორმაციო არხები ამძაფრებს საკითხს, ხელს უშლის მათ ხელმისაწვდომობას პოლიტიკურ ინფორმაციასა და საჯარო დისკურსზე.[/quote]ამ დაბრკოლებების აღმოფხვრა კი, მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის, მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისთვის, ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, რომ ისინი თავად გახდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, მოახდინონ მათი ცოდნისა და გამოცდილების სრული რეალიზება, რათა მეტად შეძლონ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.
არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციების თანამშრომლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელებთან და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამგვარი პლატფორმები უზრუნველყოფს მხარდამჭერ გარემოს, სადაც ქალებს შეუძლიათ გააზიარონ გამოცდილება, მიიღონ რესურსები და ერთობლივად გასწიონ ადვოკატირება თავიანთი უფლებებისთვის. მათი ხმის გაძლიერებითა და რესურსების გაერთიანებით ქალთა ასოციაციები და ქსელები გადამწყვეტ როლს ასრულებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენაში, ცნობიერების ამაღლებაში და პროგრამების დანერგვა-განხორციელებაში, რომლებიც ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების საზოგადოებაში ჩართვასა და გაძლიერებას.
საქართველოში არსებობს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი" რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვას. გარდა ამისა, "საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელში” წარმოდგენილია შშმ ქალთა ინტერესთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციები, ასევე, დამოუკიდებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი აქტივისტები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ინტერესის ჯგუფის ორი წევრი კი "საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის" გამგეობის წევრია. ყოველივე ეს კი, ცალსახად აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წარმომადგენლობას და თვითადვოკატირების შესაძლებლობას ფართო საზოგადოებაში. თუმცა, კვლავ მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაციების გაძლიერება.
საქართველოში საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად აუცილებელია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება.
[quote size="ზომა_აქ"]უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკის შემქმნელებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ საჯარო სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას.[/quote]
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინვესტიცია დამხმარე სერვისებში, როგორიცაა პერსონალური ასისტენტები და ჟესტური ენის თარჯიმნები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით და რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჩართულობით ამ პროცესებში.
უმნიშვნელოვანესია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თავად იყვნენ აქტიურად ჩართულნი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები პოლიტიკისა და პროგრამების ფორმირებაში. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და პერსპექტივები ფასდაუდებელი აქტივია ბარიერების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვისას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებამოსილების მინიჭებითა და ლიდერული როლების მიღებით, ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების საჭიროებების ადეკვატურად დაკმაყოფილება. ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობამ და შშმ ქსელებს შორის თანამშრომლობამ კი, შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
ავტორი: მარიამ გარაყანიძე