უსინათლო ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ფიქრი და აქტიური მუშაობა განმანათლებლობის ეპოქიდან დაიწყო. ის აქტუალობას არ კარგავდა და არც მოდერნულ თუ პოსტმოდერნულ ეპოქაში კარგავს. ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრება მეტად კომპლექსური საკითხია. იგი მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, რომლის გარეშეც ნებისმიერი ადამიანი, და მით უფრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ვერ შეძლებს დამოუკიდებელ და სრულფასოვან ცხოვრებას.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მცირე ექსკურს სხვადასხვა ეპოქის ისტორიული და რელიგიური წყაროებიდან, ყურადღებას გავამახვილებ მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების შესახებ, როგორებიცაა: უსინათლო ბავშვის აღზრდა სრულფასოვან ადამიანად და მოქალაქედ; ხარისხიანი განათლების, ადეკვატური საცხოვრებლისა და ღირსეული დასაქმების მნიშვნელობა უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებაში; ეკონომიკური დამოუკიდებლობა, როგორც დამოუკიდებელი ცხოვრების ბაზისი. ხსენებულ საკითხებს მიმოვიხილავ ისტორიული, რელიგიური, სამართლებრივი, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პერსპექტივიდან. უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრების გააზრებისთვის, განვიხილავ პრაქტიკულ მაგალითებს ქართული და უცხოური გამოცდილებებიდან.
[quote size="ზომა_აქ”]უსინათლო ადამიანებისა და მათი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ისტორიულ თხზულებებსა და რელიგიურ წიგნებში არაერთ ინფორმაციას ვხვდებით, როგორც დაწინაურებული, დაფასებული და აღიარებული პოზიციით, ისე დაცემული, განადგურებული და სასჯელდადებული სახით.[/quote]
ანტიკური ეპოქის პერიოდში, თუ დასავლეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზრდოს ბაზისში, უსინათლო ჰომეროსის წვლილი ფასდაუდებელია. ის ძვ.წ. მე-8 საუკუნეში მოღვაწეობდა და მის სახელს უკავშირდება გენიალური პოემები "ილიადა" და "ოდისეა". საპირისპირო მხარეს, დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე, ძვ.წ. მე-9 საუკუნეში, სპარსეთში უსინათლო პოეტის, რუდაქის სახელი არანაკლები სიდიადით ამშვენებს აღმოსავლური ცივილიზაციის ფუნდამენტის მოზაიკას. სამწუხაროდ, მათი სახელები არ გვაწვდის ბევრ ინფორმაციას უსინათლოთა ყოფის შესახებ. ამასთანავე, ისინი დაწინაურებულ ფენას მიეკუთნებოდნენ და პოეტების სახელების უკვდავყოფას ამანაც შეუწყო ხელი.
რაც შეეხება რელიგიურ წიგნებში უსინათლო ადამიანების ხსენებას, შეგვიძლია ბიბლია, კერძოდ კი, ახალი აღთქმა მოვიშველიოთ. იოანეს სახარება, თავი 9. "მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: "რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?" მიუგო იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში."
[quote size="ზომა_აქ”]მოცემულ შემთხვევაში, ქრისტიანული რწმენა ღმერთის წინაშე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდვის არმქონე პირთა თანასწორობის იდეას აღიარებს და სტიგმატიზაციას ებრძვის. [/quote]
ქართული ისტორიული წყაროები მდიდარი არაა უსინათლოთა ყოფის აღწერით, თუმცა, ნახსენებია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამეფო დინასტიას წარმოადგენენ. მაგ. VIII საუკუნის აფხაზეთის სამეფოში მცირე ხნით მეფობდა საკუთარი ძმის მიერ თვალდათხრილი უსინათლო თეოდოსი. XVIII საუკუნეში იმერეთის ტახტი ეკავა მცირე პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკური მტრებისგან თვალდათხრილ ბაგრატს, თუმცა, ისინი პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლნი გახდნენ. არაერთი ქართული და უცხოური ისტორიული წყარო გვიყვება მტრის გასანეიტრალებელი ერთ-ერთი დასასჯელი ფორმის, თვალების დათხრის შესახებ, რომელიც კაცობრიობის არსებობის უძველესი ხანიდან დაწყებული, მე-19 საუკუნემდე გამოიყენებოდა.
[quote size="ზომა_აქ”]რაც შეეხება უსინათლოთა აღზრდის, სწავლა-განათლებისა და საზოგადოებაში ჩართვის საკითხებს, ეს განმანათლებლობის ეპოქიდან იღებს სათავეს.[/quote]
ხსენებულ ეპოქაში ჰუმანისტური იდეები ფართოდ იკიდებს ევროპაში ფეხს და ამ ყოველივეს შედეგია ცნობილი ფრანგი განმანათლებლის, მწერლის, ფილოსოფოსის და ენციკლოპედისტის, დენი დიდროს სტატია: "წერილი უსინათლოებზე მხედველთა დასამოძღვრად". ხსენებულ სტატიაში ავტორი ავითარებს აზრს, რომ მხედველობის გარეშეც შესაძლებელია შემეცნება, აზროვნება და უსინათლო ადამიანსაც შესწევს უნარი დაეუფლოს მეცნიერებასა და ხელოვნებას. იგი თავისი მოსაზრების გასამყარებლად კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორს, ერთი წლის ასაკში ყვავილით დაუსინათლოვებულ მათემატიკოსს, ნიკოლას საუნდერსონს ასახელებს, რომელიც 1682-1739 წლებში მოღვაწეობდა.
ამ ყველაფრის გაგრძელება უსინათლოებისთვის მე-19 საუკუნეში უნივერსალური რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის შექმნა იყო. ჯერ უსინათლოების მასწავლებლის, ვალენტინ აუის, შემდეგ, ყოფილი ტელეგრაფისტის, შარლ ბარბიეს სხვადასხვაგვარი მცდელობების დაგვირგვინება შეძლო მამის სახელოსნოში დაუსინათლოვებულმა ლუი ბრაილმა, რომლის საპატივცემულოდაც დღეს რელიეფურ-წერტილოვან შრიფტს, ბრაილის შრიფტი ეწოდება. პარალელურად იხსნებოდა სპეციალური სკოლები მხედველობის შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისთვის. უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია აღწევდა მხედველობის არმქონე ადამიანებთან და თავადაც უამრავ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
[quote size="ზომა_აქ”]საქვეყნოდ აღიარებული ფაქტია, რომ ხარისხიანი განათლების მიღება და სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.[/quote]
ამ ყოველივეს შედეგი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში უსინათლოების დასაქმება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, გერმანიაში სიმენს-შუკერტის ელექტროქარხნებსა და ამერიკაში ფორდის საწარმოებში. სამწუხაროდ, 1920-იანების ბოლოს ეს პრაქტიკა შეწყდა, ფაშიზმის აღზევებისა და დიდი დეპრესიის გამო.
[quote size="ზომა_აქ”]აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასაქმება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების ფუნდამენტია.[/quote]
იმავე პერიოდში, რუსეთის იმპერიაში მსგავს პროცესებს ჰქონდა ადგილი. საქართველო, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, ევროპულ პროგრესს რუსეთის იმპერიისგან იღებდა. რუსეთის იმპერატორ, ალექსანდრე II-ის დედის, მარია ფეოდოროვნასა და სხვა კერძო ქველმოქმედთა ჩართულობით, კავკასიის ცენტრში, თბილისში, 1888 წელს პირველად გაიხსნა უსინათლოთა სპეციალური სკოლა. 1900 წელს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა, უსინათლოთა საჭიროებებზე მორგებული 3 სართულიანი შენობა. მშენებლობისას იხელმძღვანელეს ხარკოვის უსინათლოთა სკოლის მაკეტით.
ავლაბარში მდებარე 202-ე საჯარო სკოლაში, იმ პერიოდიდან დაწყებული, დღემდე უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს უსინათლო-მცირემხედველი სკოლის მოსწავლეებისთვის. ხსენებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ყველაზე მძიმე პერიოდი 1918-21 წლებში ჰქონდა. იმ პერიოდში, სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა სასწავლო პროცესის გადარჩენისთვის, მოსწავლეები მოწყალების სათხოვნელად თბილისის ქუჩებში გამოეშვა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სკოლას სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება გაეზარდა და ეს ღირსების შემლახავი პრაქტიკა შეწყდა.
მეტიც, 1923 წელს, სკოლის პედაგოგის, თავადაც უსინათლო პირის, ავთანდილ ციხიშვილის ინიციატივით, სკოლის კურსდამთავრებულებისგან "უსინათლოთა კოლექტიური შრომის საინიციატივო ჯგუფი" ჩამოყალიბდა. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა არაფორმალურმა გაერთიანებამ პირველი "შტაბ-ბინა" სკოლის პირველი სართულის ერთ ოთახში დაიდო, სადაც ტოტალურად უსინათლო ინიციატორი მასწავლებლის პირადი სახსრებით ნაყიდი დაზგებითა და მასალებით ჯაგრისების დამზადება დაიწყო. როგორც ზემოთ ვახსენე, უსინათლოთა განათლება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება, დამოუკიდებელი ცხოვრების გვირგვინი, ხერხემალი და გასაღებია.
სამი წლის თავზე, 1926 წელს საინიციატივო ჯგუფის რიგებში 100-მდე მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანი იყო გაერთიანებული. ეს კი, საშუალებას იძლეოდა, ჩატარებულიყო თბილისის უსინათლოთა საერთო კრება და ხსენებული საინიციატივო ჯგუფი გარდაქმნილიყო არაფორმალური გაერთიანებიდან ორგანიზაციად. აღნიშნულ კრებაზე იურიდიულად რეგისტრირდა "საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება", რომლის სამართალმემკვიდრესაც დღეს "საქართველოს უსინათლოთა კავშირი" წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორგანიზაციის გამგეობის პირველ თავმჯდომარედ, საინიციატივო ჯგუფის სულისჩამდგმელი და უსინათლოთა სკოლის მასწავლებელი, ავთანდილ ციხიშვილი აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ბაქოს არალეგალური სტამბის ყოფილი მუშა, უსინათლო, ვ. ბოლქვაძე. ბოლქვაძის მსგავსი პერსონები, იმ ეპოქაში დიდი ავტორიტეტით და სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
[quote size="ზომა_აქ”]უსინათლოთა თვითორგანიზება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის დაფუძნება, უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრების მზღვეველი და გარანტი გახდა.[/quote]
აღსანიშნავია ისიც, რომ მე-20 საუკუნის, 20-იან წლებში მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი ფაქტი უახლესი და უკიდურესად პროგრესული ნაბიჯი იყო.
მაშინ, როცა 1930-იან წლებში ევროპაში, ფაშიზმის აღმავლობის დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათ შორის უსინათლოებიც საკონცენტრაციო ბანაკებში ან ზღვის ფსკერზე ასრულებდნენ სიცოცხლეს, საქართველოში უსინათლოთა საზოგადოება ძლიერდებოდა, იზრდებოდა და მისი საქმიანობები მრავალფეროვნდებოდა. საქართველოს უსინათლოთა საზოგადოებას 1931 წლისთვის, რაიონული ორგანიზაციები გააჩნდა: ქუთაისში, ბათუმში, გორში, სოხუმში, სიღნაღში, ოზურგეთში, ახალციხეში და სხვა მუნიციპალიტეტებში. ხსენებული წლის 25 დეკემბერს ჩატარდა ორგანიზაციის ყრილობა, პროფკავშირთა საბჭოს სხდომის დარბაზში (ამჟამად სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი"). უსინათლოთა საზოგადოების 700-ზე მეტი წევრისგან არჩეულმა 50-მდე დელეგატმა თავმჯდომარედ ავთანდილ ციხიშვილი აირჩია.
[quote size="ზომა_აქ”]მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების აღმავლობა არნახულ ტემპებს აღწევს.[/quote]
აღსანიშნავია ისიც, რომ სამამულო ომში ბევრი ადამიანი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ შორის, არაერთმა ადამიანმა დაიზიანა მხედველობა. ფრონტიდან დაბრუნებულ უსინათლო ყოფილ სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს, საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის ძლიერი ორგანიზაცია დახვდათ. თავის მხრივ, სახელმწიფოც აქტიურად უწყობდა ხელს ომის ვეტერან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს თვითდამკვიდრებაში.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ომის შედეგად, მხედველობაშეზღუდულ უსინათლოთა საზოგადოების ახლადშემოერთებულ წევრებს სერიოზული სოციალური კაპიტალი გააჩნდათ. ბევრ მათგანს უმაღლესი განათლება ჰქონდა, იყვნენ პროფესიულად წარმატებულები და საზოგადოებაში დაფასებული ადამიანები. სადემონსტრაციოდ კარგი მაგალითია, რომ 1960 წელს ომგამოვლილი უსინათლო, პროფესიით ექიმი, ვახტანგ გაჩეჩილაძე, დელეგატებმა უსინათლოთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. პარალელურად, 1950-იანი წლებიდან უსინათლოთა სკოლის კურსდამთავრებულებმაც დაიწყეს სრული უმაღლესი განათლების მიღება. ამ მიზეზთა გამო, საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება არნახულ მაშტაბებზე გავიდა. საილუსტრაციოთ მოვიყვან რამოდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს.
60-იან წლებში თბილისში, უსინათლოთა საზოგადოებას 3 მსხვილი საწარმო ქონდა. ამას გარდა, ხსენებული ორგანიზაცია ფლობდა მძლავრ საწარმოებს: ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ცხინვალში, თელავში, საგარეჯოში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. საწარმოებში ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული და უმეტესი მათგანი უსინათლო-მცირემხედველი გახლდათ. ხსენებულმა საწარმოებმა გარკვეულწილად გადაჭრა უსინათლოთა დასაქმების პრობლემა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში,. დასაქმებამ კი, ლომის წვლილი შეიტანა მათი დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებაში.
ამას გარდა, უსინათლოთა საზოგადოება საკუთარ წევრებს საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფდა. მაგ. 60-იანი წლების დასაწყისში ორგანიზაციამ წევრებისთვის თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ააშენა ფალიაშვილის და კოსტავას ქუჩებზე. მალევე დაემატა 2 კორპუსი ქეთევან წამებულის გამზირზე. 70-იან წლებში აშენდა 2 მრავალსართულიანი კორპუსი გორგასლის ქუჩაზე და 5 მრავალბინიანი კორპუსი ფონიჭალის დასახლებაში. ყოველივე ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო უსინათლოთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში და დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის მყარ გარანტიას აძლევდა მათ. აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრაქტიკა, იმ პერიოდში გავრცელებული იყო მთელი ქვეყნის მაშტაბით. სხვადასხვა ორგანიზაციები, საწარმოები, თუ დაწესებულებები უზრუნველყოფდნენ თავიანთ სისტემაში მყოფ ადამიანებს საცხოვრებელი ბინებით.
[quote size="ზომა_აქ”]საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში, უსინათლო-მცირემხედველ ადამიანებთან ერთად, არა შშმ ან სხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლოთა საზოგადოების თანამშრომლებსაც შეეძლოთ საცხოვრებლის მიღება.[/quote]
საქართველოს უსინათლოთა საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანების საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, დასასვენებელი და სარეკრეაციო საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებითაც. ხსენებული ორგანიზაციის ბაზაზე, 1930-იანი წლებიდან იქმნება უსინათლოთა განათლების სახლი, ე.წ. უსინათლოთა კლუბი, სადაც არსდება უსინათლო მომღერალთა გუნდი და დრამის წრე. მოგვიანებით, 1958 წელს, ფონიჭალაში შენდება უსინათლოთა კულტურის სახლი. კულტურის სახლის საქმიანობები მეტად მრავალფეროვანი ხდება. მუსიკალური და თეატრალური მიმართულებების გარდა, იგი თავის თავზე იღებს მრავალ საქმიანობას.
კერძოდ: ბრაელის სტამბის, აუდიო წიგნების ჩამწერი სტუდიის, ბიბლიოთეკის და ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ბრაილის ჟურნალ "სინათლის" გამოცემას. დამატებით, კულტურის სახლში არსებობდა სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეები. ხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსინათლოთა საზოგადოება ერთი მხრივ ხელს უწყობდა სხვადასხვა კულტურულ-სახელოვნებო და სპორტული ინტერესის მქონე წევრების ნიჭის გამოვლენასა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას, ხოლო, მეორე მხრივ, მათი წევრების კულტურული თვალსაწიერის ამაღლებას.
[quote size="ზომა_აქ”]უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის კულტურული უფლებების რეალიზაცია, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.[/quote]
ხსენებულმა ორგანიზაციამ 1950-იან-1980-იან წლებში თავისი სახსრებით ააშენა ან შეიძინა დასასვენებელი სახლები/სანატორიუმები ბახმაროში, ციხისძირში, წყალტუბოში, ფიჭვების ხევსა და ცხვარიჭამიაში. აღნიშნულ ლოკაციებზე არსებული სარეკრეაციო/გამაჯანსაღებელი ობიექტები, უსინათლოთა საზოგადოების წევრებს უფასოდ, ან მინიმალური თანხის სანაცვლოდ ემსახურებოდა. ამრიგად, საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება, სოციალისტური მოდერნიზმის ეპოქაში, უზრუნველყოფდა უსინათლო-მცირემხედველი ადამიანების სამოქალაქო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და დასვენების უფლებების რეალიზაციასაც, რომლებიც ერთობლიობაში პირდაპირ დაკავშირებულია მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების მაღალი სტანდარტით განხორციელებასთან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობა, საქართველოსთვის მარტივი არ ყოფილა. თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა, სამართლებრივმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა გარდაქმნებმა, უსინათლოთა დამოუკიდებელ ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. ტრანსფორმაციების შედეგად, თითქმის სრულად განადგურდა უსინათლოთა საზოგადოების ის სოციალურ-ეკონომიკური ქსოვილი, რომელიც მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მათი ავტონომიურობის გარანტი იყო.
ხსენებული ორგანიზაციის განადგურებულმა წარმოებამ, გაძარცვულმა საწარმოებმა გამოიწვიეს უსინათლოებისთვის ბინათმშენებლობის შეწყვეტა, მათი სამუშაო ადგილების კატასტროფული შემცირება და სოციალურ-ეკონომიკური დაცულობის გაქრობა. ამ ყოველივემ, მასობრივად ხელყო უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრება.
[quote size="ზომა_აქ”]საილუსტრაციოდ გამოგვადგება თბილისის მეტროს სადგურები და ვაგონები, სადაც მოწყალების მისაღებად მყოფი ხელგაწვდილი უსინათლოები, დამოუკიდებელი საქართველოს 33 წლიანი ისტორიის ყოველდღიური რეალობაა.[/quote]
დღესდღეობით, საქართველოს უსინათლოთა კავშირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საქართველოში. ის აერთიანებს 3000-მდე მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანს მთელი ქვეყნის მაშტაბით. ხსენებული ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ ინსტიტუციებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამავდროულად, იგი სრულად ავტონომიური ორგანიზაციაა და არაა დამოკიდებული, არც საერთაშორისო დონორების დაფინანსებაზე და არც სახელმწიფო ბიუჯეტზე.
დასკვნის ნაცვლად ვიტყვი იმას, რომ უსინათლოთა დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებისთვის, აუცილებელია საკუთარი და უცხოური წარსული გამოცდილებების საფუძვლიანი გააზრება, იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ეპოქის პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, მათი წარმომშობი მიზეზების განსაზღვრა და სამომავლო ნაბიჯების გონივრული დაგეგმვა.
ავტორი: დავით ბიბილეიშვილი
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.