2020 წლის 13 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ონლაინ წარადგინა სპეციალური ანგარიში "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში".
ანგარიში 12 ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში, 3 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულთა პანსიონატში და 6 სათემო ორგანიზაციაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა და აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებს წარმოაჩენს.
"საქართველოში პირველად ჩატარდა მსგავსი მოკვლევა, რომელმაც გამოკვეთა სისტემური პრობლემები, რასაც ქალი ბენეფიციარები ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში აწყდებიან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების განხორციელების თვალსაზრისით," - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ონლაინ პრეზენტაციაზე თავის მისასალმებელ სიტყვაში.
"გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და რეპროდუქციული უფლებების რეალიზების მხარდაჭერა. სახალხო დამცველთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ერთობლივად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ქალს მიუწვდებოდეს ხელი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, ხაზს უსვამს არსებულ პრობლემებს და ნათლად აჩვენებს, თუ რა მიმართულებით არის საჭირო მუშაობის გაძლიერება." - აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან სამინისტროს სახელით გამოთქვა მზაობა, კვლევის ანგარიშში მოყვანილ მიგნებებზე განახორციელოს შესაბამისი საპასუხო რეაგირებები, როგორც დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებების მიღების, ასევე, გრძელვადიანი პოლიტიკის გატარების გზით.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა ნინო ვალიკოვმა და ექსპერტებმა ლელა შენგელიამ და მარინე კურატაშვილმა კვლევის მიგნებები წარმოადგინეს.
ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები ქალთა უფლებრივ მდგომარეობას.
ანგარიში მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.