3-4 ოქტომბერს საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის პირველი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
ქსელის ფორმირება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორგანიზებული სახე 2020 წლიდან მიიღო. მისი ფუნქციონირების მთავარი მიზანი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდაა.
საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი არარეგისტრირებული კავშირია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობით და საკითხზე მომუშავე 100-ზე მეტ ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიესალმება საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის შემქნას და მიიჩნევს რომ, ზემოთ ნახსენები, ქსელი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე საკითხების ლობირებაში შესაძლებლობების უფრო დიდ სფექტრს გადაგვიშლის.
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს და საქართველოში ინკლუზიური და მრავალფეროვანი საზოგადოება ჩამოყალიბდება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული პირი მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებისა, თანასწორია და მისი ავტონომიურობა ცხოვრების ყველა ასპექტში პატივცემულია.
ქსელის პირველ გაერთიანებულ შეხვედრას რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია, საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი, საქართველოს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, თამარ კურტანიძე, „ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმის“ ვიცე პრეზიდენტი, გუნტა ანკა, აშშ-ს „ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, დენის ფიგეროა ესწრებოდნენ.