სიახლეები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ბორჯომში აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების 5-დღიანი ბანაკი გაიმართა

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ბანაკი 2020 წლის 28 სექტემბერს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 16-მა ეტლით მოსარგებლემ მიიღო.

ბანაკს უძღვებოდნენ ეტლით მოსარგებლე გამოცდილი ტრენერები, რომლებმაც მონაწილეებს ეტლით გადაადგილების მარტივი, საშუალო და რთული პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები ასწავლეს.

5 დღის განმავლობაში, მონაწილეები ეცნობოდნენ თავის მოვლის, ეტლის დამოუკიდებლად მართვის წესებს, იღებდნენ ინფორმაციას პირადი ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ. მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები ნაწოლების პრევენციასა და მკურნალობაზეც, ეტლის მოვლასა და შეკეთებაზე.

ტრენერებმა ეტლით მოსარგებლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზე, შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებზე. ბანაკის მსვლელობის მანძილზე, ეტლით მოსარგებლეთათვის მოეწყო სპორტული თამაშები და შეჯიბრებები.

აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების 5-დღიანი ბანაკი ჩატარდა ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ემორის უნივერსიტეტი (აშშ), კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (PfID), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის USAID-ის მხარდაჭერით.