პროექტის სახელწოდება: 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა
პროექტის ხანგრძლივობა: 7 აგვისტო, 2016 - 7 ოქტომბერი, 2016
დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ახალგაზრდების გააქტიურება სამოქალაქო უფლებებისა და საარჩევნო პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობისათვის
სამიზნე რეგიონები: აჭარა, იმერეთი
პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:
ამოცანები:
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ჩაატარებს სემინარებს აჭარის და იმერეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ ორგანიზაციებთან. სემინარები ჩატარდება ქუთაისში და ბათუმში. სემინარებს ჩაატარებენ ინტეგრირებული ჯგუფები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდვის არმქონე), რომლებიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, 2015 წელს დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის" ფარგლებში გამოვლინდნენ.
ახალგაზრდა ლიდერები სემინარებს გაუძღვებიან ახალგაზრდების ინტერესებსა და ინფორმირებულობის ხარისხზე დაფუძნებული მოდულის მიხედვით, რომელიც შემუშავდა მათივე მონაწილეობით აღნიშნულ პროექტში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილეობის წესებისა და პროცედურების შესახებ, გაიღრმავებენ ცოდნას საარჩევნო სისტემაზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, ასევე, სამოქალაქო აქტივიზმზე, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მომავალში ჩაერთვებიან ამ პროცესებში და გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის, შეიტანენ საკუთარ წვლილს ხელმისაწვდომი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის პროცესებში.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ადვოკატირების კამპანია "დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევანი".