წინამდებარე ანგარიში ადამიანის უფლებათა საბჭოს წარედგინა საბჭოს 44/10 რეზოლუციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური მომხსენებლის, ჯერარდ ქვინის მიერ. იგი მიმოიხილავს 2021 წელს განხორციელებულ აქტივობებს და შეიცავს თემატურ კვლევას ხელოვნური ინტელექტის და შშმ პირთა უფლებების შესახებ.
მსოფლიოში ამჟამად ადგილი აქვს სახელმწიფოების მიერ ხელოვნური ინტელექტის, გადაწყვეტილებების ავტომატური საშუალებით მიღების და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების უპრეცედენტო და სწრაფად მზარდ გამოყენებას. აღნიშნულ ახალ ტექნოლოგიებს უდიდესი სარგებელის მოტანა შეუძლია შშმ პირებისთვის და იგი შესაძლებელია, რომ გახდეს სხვადასხვა სფეროებში ინკლუზიური თანასწორობის ძიების მამოძრავებელი ძალა, კერძოდ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დასაქმება, განათლება და დამოუკიდებლად ცხოვრება. ამავდროულად, აღნიშნულ ტექნოლოგიებს მოაქვთ არაერთი კარგად ცნობილი, დისკრიმინაციული შედეგი.
მზარდია ინფორმირებულობა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთაც ახალი ტექნოლოგიები უქმნიან ადამიანის უფლებებს, თუმცა, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს უფრო ვიწროდ ფოკუსირებული დებატები ისეთი სპეციფიური გამოწვევების შესახებ, რომელთაც აღნიშნული ტექნოლოგია უქმნის შშმ პირებს. სპეციალური მომხსენებლის თემატური მოკვლევის მიზანია, მოახდინოს ამგვარი დებატების ინიცირება და დებატებისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფა. თემატურ მოკვლევაში სპეციალური მომხსენებელი აღწერს რისკებს, რომელთაც აღნიშნული ტექნოლოგია უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას. თემატური მოკვლევის თანახმად, შშმ პირთა ადამიანის უფლებები უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული ტექნოლოგიების შესახებ დებატების ცენტრალურ ნაწილს.
მას შემდეგ, რაც მოხდება ამ რისკებზე რეაგირება, შესაძლებელი გახდება ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული სარგებელის რეალიზება. ამ მიზნით, წინამდებარე ანგარიშის ბოლო სექცია შეიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულის მიღწევა.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.