2021 წლის დასაწყისში, საჯარო საუბრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არაერთი პირი აღნიშნავდა, რომ "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში, მომსახურების მიღების დროს, პრობლემები ექმნებოდათ. უმეტეს შემთხვევაში, საქმე ლიბერთი ბანკის ბათუმის ცენტრალურ ოფისს ეხებოდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საპენსიო თანხის განაღდების მომსახურებაზე უსაფუძვლო არგუმენტებით ეუბნებოდა უარს.
14/07/2021 პენსიის დარიცხვისას, ლიბერთი ბანკის ბათუმის ცენტრალურ ოფისში, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, კუთვნილი სოციალური პაკეტის განაღდება მოვითხოვე, მოლარე/ოპერატორის დახმარებით, რაზეც უარი მივიღე. მენეჯერის განმარტებით, ბანკის შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ცენტრალურ ოფისებში, სახელმწიფო გასაცემლებზე გარდა, ბანკომატით განსახორციელებელი სერვისებისა, მომსახურება არ ხდება.
აქედან გამომდინარე, 29/07/2021 "ლიბერთი ბანკისგან" ინფორმაციის ოფიციალურად მისაღებად, წერილი გაიგზავნა.
წერილზე პასუხი 2021 წლის სექტემბრის ბოლოს მოვიდა. სს "ლიბერთი ბანკის" ცენტრალურ ფილიალებში სოციალური პაკეტის თანხის სალაროში/ოპერატორთან განაღდებაზე არსებული შეზღუდვების მიზეზად, სერვისის ოპტიმიზაცია იყო დასახელებული, რაც საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხი იყო. ამიტომ, 2021 წლის სექტემბერში, ხელახალი წერილი გაიგზავნა, რომელშიც მოთხოვნილი იყო მათი პასუხის კიდევ უფრო დაკონკრეტება და განმარტება, ასევე, ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, ხდება თუ არა სალაროებში/ოპერატორებთან სახელფასო ანგარიშიდან თანხების განაღდება სოციალური პაკეტისგან განსხვავებით.
ოქტომბრის თვეში, ბანკიდან სატელეფონო ზარით დაგვიკავშირდნენ და დააზუსტეს, კვლავ ვითხოვდით თუ არა წერილობით პასუხს, რადგან მათივე განმარტებით, ამაზე უკვე სექტემბერში გვიპასუხეს. ჩვენგან გაეცა პასუხი, რომ სექტემბერში გამოგზავნილი პასუხი იმდენად ზოგადი იყო, რომ გაუგებარი დარჩა მათი კონკრეტული პოზიცია ჩვენ მიერ დასმულ საკითხთან დაკავშრებით, რის გამოც, ახალ წერილში უფრო კონკრეტული პასუხები მოვითხოვეთ.
პარალელურად, ოქტომბრის თვეში სს "ლიბერთი ბანკის" ბათუმის ცენტრალურ ოფისში, კონკრეტული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ მოთხოვნილი იყო მისი სახელფასო ანგარიშიდან ოპერატორის დახმარებით თანხის გატანა, რაც დაკმაყოფილდა და ამის შესაბამისი მტკიცებულებაც გვაქვს მოპოვებული. შესაბამისად, აშკარაა სს "ლიბერთი ბანკის" ცენტრალურ ოფისებში დისკრიმინაციული მომსახურება საპენსიო გასაცემელის მიმღებ პირებთან მიმართებაში.
ზემოთ აღნიშნულის გამო, ნოემბრის თვეში მომზადდა სარჩელი დისკრიმინაციული მოპყრობის აღკვეთის და შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ. 2022 წლის იანვრის თვეში, იურისტმა, რამინ მაჭარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა.
სარჩელი სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვალს ჩაბარდა. სასამართლოდან პასუხი 23/03/2022 წელს მოვიდა და გვეცნობა, რომ პირველი სხდომა საქმეზე 17/05/2022 წელს ჩაინიშნა. ამავე დღეს, რამინ მაჭარაშვილს "ლიბერთი ბანკის" იურისტი დაუკავშირდა და საქმეზე მორიგება ითხოვა. აპრილის თვეში, მოპასუხის იურისტთან მორიგების პირობებთან დაკავშირებით, 3 სატელეფონო და 2 წერილობითი (ელექტრონული ფოსტა) კომუნიკაცია შედგა.
პირველ ეტაპზე, მოპასუხე წინააღმდეგი იყო მორიგების აქტში მისი მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის აღიარებაზე, სხვა მხრივ კი, თანახმა იყო დარღვევის გამოსწორებაზე, სამომავლოდ მსგავსი ფაქტის აღმოსაფხვრელად ღონისძიების გატარებაზე და ფულად კომპენსაციაზეც კი. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოზიცია იყო რომ მოპასუხეს მინიმუმ მომსახურების დროს მოსარჩელის მიმართ მომსახურების სტანდარტების დარღვევა მაინც ეღიარებინა, რაც თავის მხრივ, ირიბად დისკრიმინაციის აღიარებაც იქნებოდა.
ბანკისთვის შეთავაზებული იყო მე-2 მორიგების აქტის ნიმუში, სადაც მოთხოვნილი იყო წლის ბოლომდე დისკრიმინაციული სერვისის მიწოდების აღმოფხვრა, მოსარჩელის მიმართ სერვისის მიწოდების სტანდარტების დარღვევის აღიარება და კომპენსაცია მათი შეხედულების მიხედვით. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მომზადდა შესაბამისი მორიგების აქტი, რომელიც სასამართლოს 16/05/2022 წლის სხდომაზე დასამტკიცებლად წარედგინა, მაგრამ სასამართლომ სხდომა გადადო იმ მოტივით, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მინდობილობა მორიგების გაფორმების უფლებამოსილების შესახებ არ იყო სრულყოფილი და არ პასუხობდა მორიგების აქტის შინაარს.
მომდევნო სხდომა 16/06/22 წელს ჩატარდა, სასამართლომ მორიგების აქტი ზემოთ აღნიშნული პირობებით დაამტკიცა, რომლითაც მოპასუხემ აღიარა მომსახურების დროს გარკვეული სტანდარტების დარღვევა და პირობა დადო აღმოეფხვრა აღნიშნული დარღვევა.
შესაბამისად, 2022 წლის ბოლოსთვის, "ლიბერთი ბანკმა" უნდა უზრუნველყოს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის სრულიად ადაპტირებული ფილიალების შექმნა.
ავტორი: სოსო ყაზაიშვილი
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიციადამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.