სასარგებლო ინფორმაცია - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

როგორ მივხედოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას COVID-19-ის დროს?

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების მიზნით, ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანის რეჟიმი იცვლება.

ახალ რეალობასთან შეგუება, როგორიცაა სახლიდან მუშაობა, დროებითი უმუშევრობა, დისტანციური სასკოლო რეჟიმი და ოჯახის სხვა წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ფიზიკური კონტაქტის ნაკლებობა, გარკვეულ დროს საჭიროებს. ამგვარ ცვლილებებთან ადაპტირება, ვირუსით დაინფიცირების შიშის მართვა და ჩვენ ახლობლებზე, განსაკუთრებით, მოწყვლად ახლობლებზე ზრუნვა ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევად იქცა. არსებულ რეალობასთან გამკლავება განსაკუთრებით რთული ხდება თუკი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს.

საბედნიეროდ, უამრავი ხერხი არსებობს, რომელის დახმარებითაც შეგვიძლია მივხედოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დავეხმაროთ მათ, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა და მზრუნველობა ესაჭიროება.

გთავაზობთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რამდენიმე რჩევას, რომელიც ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ:

• იყავით ინფორმირებული. ყური დაუგდეთ ადგილობრივი ხელისუფლების რჩევებსა და რეკომენდაციებს. უყურეთ და უსმინეთ სანდო საინფორმაციო არხებს, თვალი ადევნეთ WHO-ის უკანასკნელ ცნობებს სოციალურ მედიაში.

• მაქსიმალურად დაიცავით ყოველდღიური რეჟიმი ან შეიმუშავეთ იგი:

  1. ყოველდღე ადექით და დაწექით ერთსა და იმავე დროს
  2. დაიცავით პირადი ჰიგიენა
  3. იკვებეთ ჯანსაღად და რეგულარულად
  4. ივარჯიშეთ
  5. დრო გამოყავით როგორც მუშაობისთვის, ასევე დასვენებისთვის
  6. დაიტოვეთ დრო, რათა აკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ

• გაფილტრეთ ინფორმაცია. შეეცადეთ შეამციროთ ისეთი ინფორმაციის ყურება, კითხვა და მოსმენა, რომელიც გაღელვებთ ან გსტრესავთ. ინფორმაცია მიიღეთ მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში და ისიც დღეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში - ორჯერ.

• მნიშვნელოვანია სოციალური კონტაქტი. თუ შეზღუდული გაქვთ გადაადგილება, რეგულარული კონტაქტი იქონიეთ თქვენს ახლობლებთან ტელეფონის ან ონლაინ არხების საშუალებით.

• ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღება. ალკოჰოლი მიიღეთ შეზღუდული ოდენობით ან საერთოდ ნუ მიიღებთ მას. ნუ დაიწყებთ ალკოჰოლის სმას, თუ მანამდე არ დაგილევიათ. თავი აარიდეთ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღებას შიშთან, შფოთვასთან, მოწყენილობასთან და სოციალურ იზოლაციასთან გამკლავების მიზნით.

• არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ალკოჰოლს გააჩნია ვირუსული და სხვა ინფექციებისაგან დაცვის ეფექტი. პირიქით, ალკოჰოლის დიდი ოდენობით მოხმარება ზრდის ინფიცირების რისკს და ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას.

• გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისას შესაძლოა, ჯეროვნად ვერ დაიცვათ ინფიცირების პრევენციისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა მაგალითად, ხელის ჰიგიენა.

• რა დროს ატარებთ ეკრანთან? აკონტროლეთ რა დროს ატარებთ ეკრანთან და რეგულარულად მოაწყვეთ შესვენებები.

• ვიდეო თამაშები. იქედან გამომდინარე, რომ ვიდეო-თამაშები განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს , სახლში დიდხანს ყოფნის პერიოდში შესაძლოა, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი დრო დაუთმოთ მათ. ამიტომ, სწორად დააბალანსეთ ვიდეო-თამაშები და სხვადასხვა აქტივობები.

• სოციალური მედია. გამოიყენეთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშები პოზიტიური და ოპტიმისტური ამბების გასავრცელებლად. მიუთითეთ, თუ სადმე წააწყდებით დეზინფორმაციას.

• დაეხმარეთ სხვებს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შესთავაზეთ დახმარება თქვენს ირგვლივ მყოფებს, ვისაც ეს სჭირდება, მაგალითად დაეხმარეთ საკვების შეძენაში.

• გამოხატეთ მხარდაჭერა სამედიცინო პერსონალის მიმართ. ისარგებლეთ შემთხვევით და ინტერნეტისა თუ გარშემომყოფებთან კომუნიკაციის მეშვეობით მადლობა გადაუხადეთ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს და ყველას, ვინც მუშაობს COVID-19-ის დასაძლევად.

არა დისკრიმინაციას!

შიში ნორმალური რეაქციაა გაურკვეველ სიტუაციებში, მაგრამ ზოგჯერ ისე ვლინდება, რომ სხვა ადამიანებს აზიანებს. დაიმახსოვრეთ:

• იყავი კეთილი და ნუ განასხვავებ ადამიანებს COVID-19-ის გავრცელების შიშით.

• ნუ განასხვავებთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი აზრით, შეიძლება ქონდეს კორონავირუსი.

• ნუ განასხვავებთ სამედიცინო სფეროს მუშაკებს. ისინი ჩვენგან პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებენ.

• COVID-19 შეეხო ბევრი ქვეყნის მოსახლეობას. ნუ მიაკუთვნებთ ვირუსის გავრცელებას რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს.

თუ მშობელიხართ:

სტრესულ სიტუაციებში ბავშვებს ახასიათებთ მეტი ყურადღების მიპყრობის მოთხოვნილება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ:

• მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რეჟიმი ან შეიმუშავეთ ახალი, განსაკუთრებით თუ სახლში დარჩენა გიწევთ.

• მოუყევით თქვენს შვილებს ახალი კორონავირუსის შესახებ გულწრფელად და მათთვის გასაგებ ენაზე.

• დაეხმარეთ შვილებს სახლში სწავლისას და აუცილებლად გამოუყავით მათ სათამაშო დრო.

• დაეხმარეთ შვილებს, რომ იპოვონ გრძნობების (შიში და მოწყენილობა) გამოხატვის პოზიტიური გზები. ამაში დაგეხმარებათ შემოქმედებითი აქტივობები, როგორიცაა თამაში და ხატვა.

• დაეხმარეთ ბავშვებს შეინარჩუნონ კონტაქტი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ტელეფონისა თუ ონლაინ არხების მეშვეობით.

• პერიოდულად მოაცილეთ ხოლმე თქვენი შვილები ეკრანებს. გამოყავით დრო ერთობლივი აქტივობებისთვის. გააკეთეთ რამე შემოქმედებითი: დახატეთ სურათი, დაწერეთ ლექსი, ააშენეთ რამე. გამოაცხვეთ ნამცხვარი. იმღერეთ, იცეკვეთ ან ითამაშეთ ეზოში (თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ).

• შეეცადეთ უზრუნველყოთ, რომ თქვენმა შვილებმა ჩვეულებრივზე მეტი დრო არ დაუთმონ ვიდეო-თამაშებს.

თუ ხართ ასაკოვანი:

• რეგულარული კონტაქტი იქონიეთ საყვარელ ადამიანებთან, მაგალითად, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიისა თუ ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით.

• დაიცავით კვების, ძილისა და საყვარელი აქტივობების რეგულარული რეჟიმი და განრიგი.

• დაისწავლეთ მარტივი ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშები, ამგვარად, შეძლებთ შეინარჩუნოთ მობილობა.

• გაარკვიეთ, როგორ მიიღოთ პრაქტიკული დახმარება საჭიროების შემთხვევაში. მოიმარაგეთ ერთი თვის ან მეტის საყოფი რეგულარული წამლები. საჭიროების შემთხვევაში, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან მეზობლებს.

თუ გაქვთ ფსიქიკური დარღვევები

• თუ თქვენ იტარებთ მკურნალობას ფსიქიკური დარღვევების გამო, უზრუნველყავით, რომ დანიშნულებისამებრ გააგრძელოთ მედიკამენტების მიღება და გაგაჩნდეთ მათი მარაგების შევსების საშუალება. თუკი პერიოდულად გიწევთ ფსიქიატრთან ვიზიტი, გაიგეთ როგორ გააგრძელოთ მისი მომსახურების მიღება პანდემიის გავრცელების პირობებში.

• შეინარჩუნეთ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. იცოდეთ ვის მიმართოთ ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

• თუ თქვენ გადიხართ მკურნალობას ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების გამო, გაითვალისწინეთ, რომ COVID-19-ის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს შიშის, შფოთვისა და იზოლაციის გრძნობა, რამაც შესაძლოა გაზარდოს რეციდივის, ნივთიერების მოხმარების, მკურნალობისთვის თავის დანებების ან მკურნალობის რეჟიმის დარღვევის რისკები. განაგრძეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ, განსაკუთრებით თუ მკურნალობთ სინთეტიკური ნარკოტიკული პრეპარატებით, როგორიცაა მეტადონი ან ბუპრენორფინი და უზრუნველყავით, რომ გქონდეთ წამლების მარაგის რეგულარულად შევსების საშუალება.

• თუ იღებთ ფსიქოლოგის ან მხარდამჭერთა ჯგუფის მომსახურებას, გაარკვიეთ როგორ გააგრძელოთ ამ მომსახურების მიღება პანდემიის გავრცელების პირობებში.

• თუ გადიხართ მკურნალობას თამაშდამოკიდებულების გამო, შეძლებისდაგვარად გააგრძელეთ მკურნალობა. დააზუსტეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან მედიცინის მუშაკებთან თვითიზოლაციის პერიოდში თერაპიის გაგრძელების საუკეთესო გზების შესახებ.

"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."