24 ოქტომბერს, საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, "ზუმის" პლატფორმის მეშვეობით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა პროექტის "მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც "ევროკავშირის" ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის ძირითადი მიზანია სომხეთში, მოდლოვასა და საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ხარისხის შესწავლა, ამ ქვეყნებში შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც ეროვნულ ასევე, საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში სამ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს, რომელზე დაყრდნობითაც, მთავრობისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.
ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მთავარ გამოწვევად კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის პრობლემა რჩება, რაც გეგმებისა და სტრატეგიების არარსებობითაა გამოწვეული. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საფუძვლიანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას ინკლუზიური, თანასწორი გარემოს შესაქმნელად და შეიცვალოს ის ხედვები და პარადიგმები, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან აღქმულნი.
შეხვედრას საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამივე ქვეყნის სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და პარლამენტის წამომადგენლები ესწრებოდნენ.